როგორ ერთობიან დღეს


                                                             როგორ ერთობიან ჩოხატაურში
გაიარა ცხელმა და უდარდელმა ზაფხულმა - გართობის და დასვენების დრომ. ზაფხული თინეიჯერებისთვის განსაკუთრებით საყვარელი წელიწადის დროა, განსაკუთრებით - ჩოხატაურელი თინეიჯერებისთვის, რადგან აქ ძალიან ცოტა გასართობია და ისიც - ზაფხულში. მაგალითად - კინოთეატრი, სადაც საღამოობით ფილმსაც აჩვენებდნენ და სასაუბროდაც შეიძლებოდა ჩამომჯდარიყავი სადმე თავად კინოთეატრის ბარში ან ლამპიონებით განათებულ ეზოში; დღე - მდინარე და პატარ-პატარა ლაშქრობები ეწყობოდა, საღამოს კინო ან რაიონის ერთადერთ განათებულ ქუჩაზე სეირნობები.
ზაფხულიც გავიდა, ქალაქელი ახალგაზრდობა გაემგზავრა, დარჩნენ ადგილობრივი თინეიჯერები, რომელთაც უკვე სწავლა დაეწყოთ და გართობისთვის ნაკლებად იცლიან, თუმცა, სწავლასთან ერთად, გართობა და დასვენებაც აუცილებელია. დავინტერესდით, როგორ ერთობიან ჩოხატაურელი თინეიჯერები დღეს და გამოკითხვა ჩავატარეთ;
მირანდა სიხარულიძე: გასართობი აქ არაფერია. აღარც კინო ფუნქციონირებს. რით უნდა გაერთო?! ზაფხულობით კი შეიძლება, მაგრამ ახლა ნამდვილად არა. სწავლა დაიწყო. ზოგჯერ, გაკვეთილების შემდეგ რაიონის ცენტრში, პარკში ვჯდებით მეგობრები, ზოგჯერ კი მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში დისკოთეკას ვაწყობთ.
რეზო აცანელიძე: ზაფხული გავიდა, თუმცა, მაინც კარგად ვერთობი. ზოგჯერ ფეხბურთს ვთამაშობ, ზოგჯერ "ბულვარში" ვჯდები.
გაგა ჩხაიძე: ამ დროს ძირითადად, ძმაკაცებთან ერთად ვერთობი უბანში და ქუჩაშიც.
სესილი მეგრელიშვილი: ჩემი გართობა ტელეფონზე საუბარი, მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან ერთად ყოფნაა. ზაფხულში კი ნამდვილად მაგრად ვერთობი. ქუჩაში რომ გამოხვალ, ხალხს მაინც დაინახავ. ახლა კი რით უნდა გაერთო ჩოხატაურში?!
ხათუნა გოგიბერიძე: ვერაფრით ვერთობი ამ დროს ჩოხატაურში. არც კინო გვაქვს, არც თეატრი, არც არაფერი.
ალეკო ცინცაძე: ძირითადად, სპორტით ვერთობით, მეგობრებთან ყოფნით. სხვა არც არაფერია გასართობი აქ "ბულვარის" გარდა.
ვიქტორ ბერუჩაშვილი: ჩემი გართობა წიგნების კითხვაა. აგრეთვე, კომპიუტერი და ფეხბურთიც ზოგჯერ. ჩოხატაურში ვერაფრით გაერთობი. ქუჩაში დგომა კი დიდი ვერაფერი გართობაა.
თეონა შარიქაძე: ჩემი გართობა მეგობრებთან ერთად ყოფნაა, სხვა რა?! 
                                                       
                                                      

No comments:

Post a Comment